უკრაინის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა
უკრაინის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ანდრეი ივანჩუკმა, ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი ოდესის გუბერნატორს ცილისწამებაში ადანაშაულებს. იაცენიუკის მრჩეველი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი ვიღაცის დავალებას ასრულებს.
ამის შესახებ ივანჩუკმა სონია კოშკინას გადაცემაში ისაუბრა.
„იცით, როდესაც გაბრაზებენ, პირველი რეაქცია – პრობლემასთან კაცურად გამკლავებაა. მე ამის უფლებას არ მივცემ ჩემს თავს. ამიტომ, მივიღე ძალიან მარტივი გადაწყვეტილება: მე შევიტანე სარჩელი ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ. გუბერნატორს არ შეუძლია ერთდროულად გენერალური პროკურორისა და უზენაესი მოსამართლის ფუნქციების გათავისება. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვნახოთ როგორ დაიწყებს ბატონი სააკაშვილი ბოდიშის მოხდას და ტყუილის გაქარწყლებას“, – განაცხადა ივანჩუკმა.