უშანგი ვარდიაშვილის ოჯახი საზოგადოებას შეცდომაში შეყვანისთვის ბოდიშს უხდის
13 ივნისის სტიქიით დაზარალებული უშანგი ვარდიაშვილის ოჯახი საზოგადოებას შეცდომაში შეყვანისთვის ბოდიშს უხდის. ეს ის უშანგი ვარდიაშვილია, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისთვის კომპენსაცია არ მიუციათ, არადა 27 ნოემბერს მის ოჯახს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჩაერიცხა. ვარდიაშვილების ოჯახი საზოგადოებას შეცდომაში შეყვანის გამო ბოდიშს უხდის. თავად უშანგი ვარდიაშვილს კი კამერებთან გამოჩენა აღარ სურს. რა მოხდა სინამდვილეში? ამ კითხვაზე პასუხს 2030 არკვევდა.
„პოსტსკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტში ოჯახის უფროსი ამბობს, რომ მას არანაირი დახმარება არ მიუღია და დაპირება ტყუილი იყო. 29 ნოემბრის გადაცემამდე კი, 27 ნოემბერს ვარდიაშვილების ოჯახს ბინის შესაძენი თანხა ჩაერიცხა, რაც საბანკო ამონაწერიდანაც დასტურდება. იულია ვარდიაშვილი 2030-თან საუბარში აცხადებს, რომ გამოთქვა სურვილი დაკავშირებოდა რუსთავი 2-ს. -„მე მე ბოდიშს ვიხდი ამ შეცდომისთვის“-აცხადებს იულია. რუსთავი 2-ის ჟურნალისტი თეა ადეიშვილი კი ამბობს, რომ მან ჩაწერა უშანგი ვარდიაშვილი. -„მე სტატუსიც დავწერე სოციალურ ქსელში, კომიტეტშიც მპასუხობენ, რომ ორშაბათსაც გადაამოწმეს, მიიღეს თუ არა ვარდიაშვილებმა თანხა, მაგრამ ორშაბათსაც არ ჰქონდა ოჯახს ფული მიღებული“-ამბობს სატელეფონო საუბარში ადეიშვილი.
დღეს კი უშანგი ვარდიაშვილს ტელეკამერების წინ საუბარი აღარ სურს, მისი შვილი კი საზოგადოებას ბოდიშს უხდის. როგორც იულია ამბობს, მამამისი მერიის შეთავაზებულ თანხას თავიდან არ თანხმდებოდა, მაგრამ მერე ოჯახმა ნახა სახლი, რომელიც მოეწონა კიდეც და შემოთავაზებულ თანხაშიც ჩაეტია.
თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე კი აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დიდ ნაწილს საკომპენსაციო თანხა უკვე ჩაერიცხა. საუბარია 12 მილიონ ლარზე. -„სიუჟეტი რა თქმა უნდა იყო ტენდენციური და მე არ მესმის ამ ადამიანის მოტივაცია, რომელმაც განაცხადა, რომ არანაირი თანხა არ მიუღია“-ამბობს ლექვინაძე.