უსუფაშვილი: პოლიტიკურ მოკავშირეებს ვეძებ ყველგან

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიის შექმნას არ აპირებს.

როგორც უსუფაშვილმა „იმედის დროსთან“ ინტერვიუში განაცხადა, პოლიტიკური ცხოვრებიდან არ წასულა, მხოლოდ ის პაუზა აიღო, რომელიც აუცილებელი იყო.

„არ ვაპირებ პოლიტიკური ცხოვრების დაწყებას თუ გაგრძელებას პოლიტიკური პარტიის შექმნით. ასეთი ფრაზები გაისმა, რომ მე პოლიტიკიდან წავედი, არსად არ წავსულვარ, მე ავიღე ის პაუზა, რომელიც აუცილებელი იყო, რადგან მე როგორც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ხელი არ შემეშალა ზედმეტი კრიტიკით ახალი თავმჯდომარისთვის, მისი ახალი პარლამენტისთვის, რადგან ჩვენ საზოგადოებრივი თანამდებობების ტვირთი უნდა ვატაროთ მაშინ როცა იმ სკამზე ვზივართ და მას შემდეგაც როცა ამ სკამზე აღარ ვართ“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ მოკავშირეებს ყველგან ეძებს.

„პოლიტიკურ მოკავშირეებს ვეძებ ყველგან და მაქვს ასეთი ხედვა, რომ საქართველოს სჭირდება ბევრი იმ ადამიანის პოლიტიკურად გააქტიურება, რომლებიც საკმარისი იქნებიან იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიყვანოთ და არ ვიყოთ იმ დღეში, რა დღეშიც ვართ“,- აცხადებს უსუფაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე: მოიაზრებს თუ არა პოლიტიკურ პარტნიორად „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ რომელიმე პოლიტიკოსს, მაგალითად, გიგა ბოკერიას, უსუფაშვილი პასუხობს, რომ „პოლიტიკურ ორგანიზაციაში და პოლიტიკურ პროექტში არ და ვერ მოიაზრებს“.

Comments
Loading...