პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებაზე განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ოპონენტები ძირითადად, ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც კონსტიტუციას კარგად არ იცნობს.
“რატომ ჰგონია ვინმეს, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს თვითონ კონსტიტუციის კითხვა, ან ანალიზი არ შეუძლია?! მემგონი ოპონენტები ძირითადად, ისინი იყვნენ, ვინც სამწუხაროდ, პირველად წაიკითხეს კონსტიტუცია და უცებ გაოგნდნენ, რომ „ვაიმე, ეს შესაძლებელია“. არადა, რა დიდი გენიოსობა და კონსტიტუციონალისტობა სჭირდება ამ ამბავს. მითუმეტეს, ჩვენი პოლიტიკური ისტორიის მქონე ხალხში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების შესაძლო შეტანის გამო, გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა, ვადის ამოწურვამდე გადადგეს, რათა საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციური ცვლილებების ძალაში შესვლამდე ჩატარდეს და ქვეყანას მომავალი ხუთი წელი კვლავ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი ჰყავდეს.