„ნაციონალურ მოძრაობას“ შარშან ჩვენი პროექტისთვის მხარი რომ დაეჭირა, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხი უკვე იქნებოდა ჩადებული კონსტიტუციაში, – ამის შესახებ არლამენტის ექს-თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.
მან ის მიზეზებიც განმარტა, რატომ თქვა უარი საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაზე.
„ეს იყო წმინდა ფორმალური საკითხი. მე ახლა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ ვარ – ცოტა ხანში ვიქნები. კომისიაში კი არიან ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ან ექსპერტები. ახლა ცალი ფეხით იქით ვარ, ცალით აქეთ. არ იქნებოდა სწრი ჩემი იქ ყოფნა. თუ მე ვიქნები, მაშინ სხვა ბევრი პარტიის წარმომადგენელმა რა დააშავა, ვინც ვერ ან ვერ მოხვდა კომისიაში და არ შესთავაზეს, იმიტომ რომ არ აკმაყოფილებდნენ იმ კრიტერიუმებს, რაც დადგენილი იყო კომისიის მიერ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, კომისიაში ყოფნით და ხელის აწევით ან არაწევით კი არ წყდება საკითხები. არამედ, საკითხები უნდა წყდებოდეს წინადადებების მიწოდებით, დასაბუთებულობით და ა.შ.
„იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდება მაშინ ამაზე „ნაცმოძრაობა“ იმუშავებს, იმიტომ რომ წინა მოწვევის პარლამენტში მხარი რომ დაეჭირა პროექტისთვის ჩვენ ეს უკვე მიღებული გვექნებოდა. ჩემი ღრმა რწმენითა და ჩემი ინფორმაციით, „ნაცმოძრაობამ“ მისი ლიდერის დაჟინებული მოთხოვნი გადადო ეს საკითხი და უარი თქვა კენჭისყრაზე და აჰყვა სხვა ტიპის მოსაზრებებს. ჩვენი ხელიდან გავუშვით ამის მიღების ყველაზე ხელსაყრელი მომენტი. მას სჭირდებოდა ერთადერთი რამ, „ნაცმოძრაობის“ დეპუატაციისგან ხელმოწერა და კონსტიტუციაში ეს ყველაფერი უკვე იქნებოდა. ეს საუკეთესო შანსი ხელიდან გავუშვით, მაგრამ ახლა გვაქვს იმ საუკეთესოს კიდევ ერთი შანსი. იდგმება კიდევ ერთი ნაბიჯი წინ პოლიტიკური კონსესუსთვის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
ipress.ge