“უსუფაშვილო, “მეუღლეს მიხედე, მეუღლეს”, თორემ დაგეშალა კოალიცია”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, საგარეჯოს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც იგი “დასკვნების გამოტანას” ცდილობს. მისი აზრით, საგარეჯოს არჩევნებიდან რამდენიმე მკაფიო გზავნილი მიიღეს „ქართულ ოცნებაში”. – დავით უსუფაშვილი:
“1. ამომრჩეველი რაც უფრო თავისუფალია, მით უფრო მომთხოვნი და არაერთგვაროვანია; ამიტომ, მეტი შრომა, მეტი უშუალო კომუნიკაცია და მეტი პოლიტიკური ინოვაციაა საჭირო მომავალ, კიდევ უფრო თავისუფალ და კონკურენტულ, არჩევნებში წარმატებისთვის.
2. ნაციონალური მოძრაობა აღარ არის ერთადერთი ანგარიშგასაწევი ოპოზიციური ძალა; ამიტომ, მხოლოდ მათთან ოპონირებით მომავალ არჩევნებში ფონს ვეღარ გავალთ და, შესაძლოა, ამით დასახული მიმართულებით ქვეყნის განვითარებაც შევაფერხოთ.
3. ძლიერი კონკურენტი რამდენადაც რთული დასამარცხებელია, იმდენადვე სასურველი სპარინგ-პარტნიორია; ამიტომ, მადლობა ირმა ინაშვილს სასარგებლო „ტესტ-მატჩისთვის“ (მათ შორის, კოალიციის სიმტკიცის ტესტისთვის.
4. ჩვენი ძალა კოალიციურ ერთობაშია; ამიტომ, ცალკ-ცალკე ნურც ერთ პარტნიორს ნუ გვექნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში განსაკუთრებული წარმატების ილუზიები.
5. თუ მანამდე თავად ვერ შევიცვლებით, ერთი წლის შემდეგ ამომრჩეველი შეგვცვლის; ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა შევთანხმდეთ ყველაფერზე და დავიწყოთ იმის კეთება, რაც ვიცით რომ გასაკეთებელი გვაქვს კოალიციაშიც და პარტიებშიც”. – რა შეიძლება ითქვას უსუფაშვილის ამ “თეზისებზე”? უწინარესად ის, რომ მან ეტყობა “იგრძნო დასასრულის დასაწყისის მოახლოება”!.. რატომ ვფიქრობ ასე?
როგორ ჩანს, უსუფაშვილი “მიხვდა იმას”, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის მთავარი მოწინააღმდეგე “ნაცმოძი” კი არ იქნება, არამედ ის პოლიტიკური პარტია (ან, საარჩევნო ბლოკი), რომელსაც საერთო–სახალხო მხარდაჭერა ექნება და “უსუფაშვილის მადლობა ინაშვილისადმი”, სწორედ ამის საშიშროებაზე (კოალიციისათვის) მიანიშნებს! უსუფაშვილი სწორ დასკვნას აკეთებს, როცა ამბობს, რომ “კოალიციის ძალა ერთობაშია”, ოღონდ, უპირველესად მისი “რესპუბლიკური პარტიისთვის”, თორემ, კოალიციის გარეშე “რესპუბლიკელები” საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავენ, რაც უსუფაშვილს კარგად მოეხსენება! დიახ, ვეთანხმები უსუფაშვილს იმაშიც, რომ თუ ასე გააგრძელეს “მართვა” მან და “რესპუბლიკური პარტიის” სხვა ლიდერებმა, განსაკუთრებით კი საარჩევნო პროცესებში “უპრაგონო ჩარევა”, როგორც ეს მოიმოქმედა საგარეჯოში თავდაცვის მინისტრმა თ.ხიდაშელმა, მათ საქართველოს ამომრჩევლები მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე აუცილებლად “შეცვლის” (როგორც თავად წინასწარმეტყველებს!).
ეს, რომ ასე არ მოხდეს, უსუფაშვილს “გასაკეთებელი ბევრი აქვს კოალიციაშიც და პარტიაშიც”, უწინარესად, საკუთარ ოჯახში… დიახ, ყოველივე ზევით ნათქვამთან მიმართებაში ქართული საზოგადოება აკეთებს საკუთარ დასკვნებს, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი ხალხის “გზავნილი” ასეთია, – “უსუფაშვილო, “მეუღლეს მიხედე, მეუღლეს”, თორემ დაგეშალა კოალიცია”!!