ვახტანგ რჩეულიშვილი: თუ ჩვენი სიკვდილი გადაწყვეტილია, მოგვკლან
კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, მისმა მეუღლე მაია რჩეულიშვილმა სამედიცინო გამოკვლევებზე უარი პროტესტის ნიშნად განაცხადა.
რჩეულიშვილის თქმით, პროკურატურა სამედიცინო პერსონალზე ზეწოლას ახორციელებდა.
„პროკურატურა ექიმებზე ზეწოლას ახორციელებდა. სასამართლომ ექსპერტების დასკვნები არ მიიღო. პროკურატურა აიძულებდა, რომ პროცესი საავადმყოფოში ჩაეტარებინათ, სადაც ნევროზული მდგომარეობაა“, – განაცხადა რჩეულიშვილმა.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის პრობლემები მასაც აქვს, თუმცა სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობს.
„თუ ჩვენი სიკვდილი გადაწყვეტილია, მოგვკლან. მეც ცეროზი მაქვს. ახლა დამინიშნეს მკურნალობის ექვსთვიანი უფასო კურსი. მადლობა ამ ხელისუფლებას – ის ფული, რომელიც ჩემს სამკურნალოდაა გამოყოფილი, თავისთვის მოიხმარონ. პრაქტიკულად, თვითმკვლელობის განაცხადია. ან მისი სიმართლე დამტკიცდება ან ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს. ან კვირიკაშვილი შემხვდეს, ან ქუმსიშვილი, რომ გავარკვიო როგორ შეიძლება ამ ადამიანების დაკმაყოფილება“, – აღნიშნავს ვახტანგ რჩეულიშვილი.
კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე დაკავებული მაია რჩეულიშვილი საავადმყოფოდან კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.