ვალერი კვარაცხელია – პოლიტიკური კატაკლიზმები ახლოვდება…
ჟურნალისტი, ანალიტიკოსი ვალერი კვარაცხელია პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომის საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს:
– ” რა მოხდა?!
ამ ვითომ ქართული ტელეარხებიდან მთელი საღამოს განმავლობაში მესმის ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით ვიღაცათა მიერ გაკეთებული “ანალიზები” და მწარედ მეცინება იმ გასაოცარი პრიმიტივიზმის გამო, რომელსაც ეს პოლიტიკოს-პოლიტოლოგები აფრქვევენ. არცერთ მათგანს საქართველოს გარეთ არ გაუხედავს, მხოლოდ საკუთარ წვენში იხარშებიან…
ღარიბაშვილი რამე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა არასოდეს ყოფილა, მაგრამ ასეა თუ ისე, პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. ფაქტია, რომ ის თავისით არ წასულა, ვიღაცამ მას უნდობლობა გამოუცხადა, მაგრამ აქ ორი შეკითხვა ჩნდება:
1). ვინ არის ის ვიღაცა, ვისაც შეუძლია ასე ხელის ერთი აქნევით თანამდებობიდან გააქროს პრემიერი?
2). რა სიტუაციაში დგება ასე მწვავედ ქვეყნის ხელმძღვანელთა ნდობის საკითხი?
პირველ შკითხვასთან დაკავშირებით ცხადია ყველას ივანიშვილი ახსენდება, მაგრამ ძალიან ალოგიკური ჩანს ის, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაპირისპირებული ივანიშვილი ასე ერთბაშად მის ერთგულ ღარიბაშვილს დაეძგერებოდა თუ თვითონ მასზე არ იქნებოდა გარედან ზეწოლა.
მასზე ასეთი ზეწოლის განხორციელება მხოლოდ ამერიკელებს შეეძლოთ. ამ ლოგიკას თუ მივიღებთ და თუ გავყვებით მას, მაშინ ჩვენ მიერ დასმული მეორე შეკითხვაც ლოგიკური ხდება, ანუ რა სიტუაციაში მწვავდება ხოლმე მარიონეტული ქვეყნების ხელმძღვანელთა ნდობის საკითხი ამერიკელთა მხრიდან?
პასუხი მარტივია, – როდესაც არასტანდარტული ვითარება წარმოიშვება, როდესაც პოლიტიკური კატაკლიზმები ახლოვდება…”- წერს კვარაცხელია.