„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის და გენერალური მდივნის არჩევა არ მოხდება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყრილობაზე მთავარი აქცენტები „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო სტრატეგიაზე გაკეთდება.
„ყრილობაზე აირჩევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მმართველი ორგანოების ახალი პოლიტიკური საბჭო, ამ საბჭოს შექმნის წესი და ასევე, პოლიტიკური საბჭოს ახალი თავმჯდომარე. მთავარი აქცენტები ბუნებრივია გაკეთდება იმაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ რა სამომავლო სტრატეგიას დასახავს, რა გეგმები ექნება“, – აღნიშნა ნინო კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, ვინაიდან, პარტიის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავს, ის აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეშვიდე ყრილობა 20 იანვარს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება.