ვასაძე – “ყველანაირი ლიბერალიზაცია ცუდია, მაგრამ ვიზების გამარტივება არის ძალიან კარგი”

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი და რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც პუტინი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს. ვასაძე ამბობს, რომ “ყველანაირი ლიბერალიზაცია ცუდია, მაგრამ ვიზების გამარტივება არის ძალიან კარგი”.
მისი თქმით, “გაისმის შიშები, რომ გაიხიკება ქვეყანა და ყველა გაიქცევა, რაც გასაგებია”.
“მესმის ეს შიშები. პატრიარქიც დარდობს, მილიონი ემიგრანტი გვყავს, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ჩვენი ეთნოსი აქ ცხოვრობს მინიმუმ 6 ათასი წელი. ასეთი რამ არ მომხდარა, რომ 20 წლის მანძილზე მილიონი კაცი ერთიანად წასულიყოს. კიდევ ეს გვინდა? – ხალხი ამბობს. მე პირადად მიმაჩნია, რომ ქართველს რაც მეტგან ექნება გასავალი და საქმის კეთების შესაძლებლობა, ეს დამატებით გამოწვევას იწვევს. მე ძალიან მადარდებს, როგორ შევინარჩუნებთ ქართველობას უცხოეთში. ძალიან მალე ვკარგავთ ამას და ეს ტრაგედიაა”, – განაცხადა ვასაძემ.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადების შესახებ, სადაც გამოხატულია მოსკოვის მზადყოფნა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე, ვასაძემ აღნიშნა:
“პუტინმა ეს თქვა 1 თვის წინ და გაოგნებული ვიყავი, როგორ ჩაფარცხეს ქართულმა ტელეარხებმა. საქართველოს მთავრობის შეფასება ამაზე მყისიერი კი არა, დაგვიანებულია მე თუ მკითხვთ. მესმის დაბალანსირებისა და სიფრთხილისა, რომელიც მთავრობამ უნდა გამოიჩინოს. მთავრობამ ორივე კურდღელი უნდა დაიჭიროს”, – განაცხადა ვასაძემ.
მისი თქმით, მისი სურვილია, რომ ქართველი ყველგან უვიზოდ დადიოდეს.

Comments
Loading...