ვასილ პაპავა – „პრო-თურქული“ ან „პრო-რუსული“ განცხადებებისგან თავის შეკავება გვმართებს

ბოლო პერიოდში ხშირად ვისმენთ და ვკითხულობთ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების შესახებ, საქართველოს მოსახლეობა გულმოდგინედ არჩევს საკითხს თუ ვისი მხარე უნდა დაიჭიროს საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, რუსეთ-თურქეთის ომის შემთხვევაში.
ტარდება არაერთი გამოკითხვა როგორც მედიაში ასევე სოციალურ ქსელებში, გამოკითხულთა აზრი ძირითადად ორადაა გაყოფილი – თურქეთი ან რუსეთი. ჯერ-ჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა დიპლომატიური დუმილით სარგებლობს
თქვენ რას ფიქრობთ რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ ამ ეტაპზე, რომ არ “გავანაწყენოთ” არც ერთი მხარე?

ამ საკმაოდ აქტუალურიშეკითხვით “mpress”-ის ჟურნალისტმა ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტ ვასილ პაპავას მიმართა

ვასილ პაპავა:
– მას შემდეგ რაც თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს რუსული სუ-24, სიტუაცია ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად დაიძაბა: შეჩერდა მთელი რიგი ეკონომიკური პროექტების განხორციელება; იკლო რუსი ტურისტების ნაკადმა, რაც თავისთავად აისახება თურქეთის ბიუჯეტზე; რუსეთში აკავებენ თურქ მოქალაქეებს მიგრაციული კანონის დარღვევის ბრალდებით, სინამდვილეში კი ამით მოსკოვი იყენებს მისთვის ჩვეულ მეთოდს – აგრძნობინოს მეორე მხარეს თავისი მრისხანება.
საქმე იმაშია, რომ რუსეთს უბრალოდ მობეზრდა თურქეთის პოზიცია სირიის კონფლიქტისადმი – ცნობილია, რომ ანკარა მხარს უჭერს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის შეიარაღებულ ოპოციზიას, ანუ, ამით ანკარა ფაქტიურად ებრძვის რუსეთის ინტერესებს რეგიონში. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისათვის სირია წარმოადგენს ერთადერთ სამხედრო პლაცდარმს ახლო აღმოსავლეთში, მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა საკმაოდ დიდია. რუსეთის არგუმენტი თუ რატომ ჩაერთო სირიის კონფლიქტში არის ის, რომ ასადის ხელისუფლების დამხობის შემთხვევაში სირია გახდება პლაცდარმი ტერორისტებისათვის და შემდეგი ჯერი უკვე იქნება – კავკასია, რაც სიმართლეს არაა მოკლებული, თუ მხედველობაში მივიღებთ ათასობით მებრძოლის ყოფნას ISIS-ის რიგებში.
რა თქმა უნდა, ინციდენტი სუ-24 ირგვლივ იყო მხოლოდ საბაბი, რასაც რუსეთი იყენებს სათავისოდ, კერძოდ – მიიღოს აქტიური მონაწილეობა ახლო აღმოსავლეთის ახალ გადანაწილებაში. 2 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამართა ბრიფინგი, სადაც წარმოადგინა „უტყუარი“ დამადასტურებელი ფაქტები თურქეთის მმართველი ელიტისა და ISIS-ის შორის არსებული ნავთობ-ბიზნესის სფეროში. ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს საქმე ბოლომდე მიიყვანოს, კერძოდ – გათიშოს თურქეთი სირიის კონფლიქტიდან.
დღეისათვის საქართველო სრულიად გასხვავებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაშია – ერთ მხარეს რუსეთი, რომელიც ცდილობს გავიდეს თურქეთის საზღვართან, მეორე მხარეს – თურქეთი, NATO-ს წევრი ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ გაგვაჩნია მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები – აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სახის დესტაბილიზაცია თურქეთში ავტომატურად აისახება ასევე საქართველოზეც.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთ-თურქეთს შორის მოხდა სამხედრო ესკალაცია, მოსკოვი აუცილებლად შეეცდება თურქეთისკენ გაჭრას სახმელეთო გზა – თავდაპირველად ეს მოხდება „თხოვნით“, უარის შემთხვევაში კრემლი გამოიყენებს „ძალისმიერ“ მეთოდს და შეეცდება დაიკავოს პოზიციები თურქეთის საზღვართან – ჩაკეთოს თურქეთი და არ შეუშვას სამხრეთ კავკასიაში.
საქართველოს ხელისუფლებას ასეთ ვითარებაში მართებს დიდი სიფრთხილე – დაწყებული ან „პრო-თურქული“ ან „პრო-რუსული“ განცხადებებისგან თავის შეკავებით, რადგან ეს გამოიწვევს ერთის ან მეორე მხარის გაღიზიანებას, და დამთავრებული დროული ნაბიჯების გადადგმით ეკონომიკის დივერსიფიკაციისათვის. თუ რა ზიანი შეუძლია მოუტანოს ქვეყანას ერთ რომელიმე სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობამ ეკონომიკის დარგში, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება, რადგან შიდა რყევები თურქეთში აუცილებლად მოახდენს დიდ გავლენას საქართველოში არსებულ სიუაციაზე.

Comments
Loading...