ვინ არის ქალი, რომელმაც ქმარ-შვილი მოსაკლავად გაიმეტა
დღეს დილით, საქართველო თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ შეძრა. დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 წლის მამაკაცი და მისი 5 წლის შვილი მოკლული იპოვეს. ცხედრები სადარბაზოს შესასვლელთან ეყარა. როგორც უკვე ცნობილია, მამაკაცი თავში მძიმე საგნის ჩარტყმით არის მოკლული, ბავშვი კი გაგუდულია. სამართალდამცველებმა მკვლელობა გახსნეს. პოლიციამ საკუთარი მეუღლისა და შვილის მკვლელობის ფაქტზე 1990 წელს დაბადებული მაგდა პაპიძე დააკავა.
20 დეკემბერს, გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მან მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქაფიაშვილს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პაპიძემ მცირეწლოვანი შვილი, თორნიკე გაგუდა. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ, ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გარდაცვლილი ბავშვის დეიდა ამბობს, რომ გუშინ მასთან იმყოფებოდნენ თორნიკე და დედამისი და დისთვის რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია. მეზობლები გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მასზე არასდროს არავის ცუდი არ სმენია. მეზობლებს არც საეჭვო ხმაური გაუგიათ, მათი თქმით, ისინი ბავშვის დედის კივილზე გავიდნენ და სადარბაზოსთან საზარელი სურათი დახვდათ. მამა-შვილის მკვლელობაში ბრალი გარდაცვლილი ბავშვის დედას წაუყენეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლით).