ვინ მოყვება შემცირებაში?
ვის დაეკარგება საპრემიო მადა და რას მოუტანს ეს ეკონომიკას?!
პრემიერის მიერ დაანონსებული 10%-იანი ოპტიმიზაციისთვის მზადება სამინისტროებმა უკვე დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო სექტორში დასაქმებული კადრების შემცირებაც იგეგმება, რამაც დასაქმებულთა ნაწილის შეშფოთება გამოიწვია. რა გზით უნდა წავიდეს ოპტიმიზაცია, ამ თემაზე ეკონომისტი ლევან კალანდაძე გვესაუბრება:
“მთავრობას პოპულიზმსა და რაციონალურ გადაწყვეტილებას შორის არჩევანის გაკეთების დრო არა აქვს”
– ფაქტია, რომ საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია აუცილებელია – 2016 წლისა და 2017 წლის ბიუჯეტმა კიდევ უფრო ცხადი გახადა, რომ ხარჯვითი ნაწილი, განსაკუთრებით სახელმწიფო ბიუროკრატიის საკითხში, სასწრაფოდ შესამცირებელია. ვფიქრობ, პრემიერის მიერ დაანონსებული 10%-იანი ოპტიმიზაცია ტექნიკური გზავნილია და ის, ძირითადად, მიმდინარე ხარჯებს, სახელფასო და საპრემიერო ფონდებს შეეხება. აქ არ არის საუბარი საშტატო ერთეულების ცალსახა შემცირებაზე, პირიქით, მაქვს მოლოდინი, რომ კადრების შენარჩუნებას სამინისტროები მაქსიმალურად შეეცდებიან და კორექტივებს მხოლოდ თანამშრომლების ფუნქციონალური დატვირთვიდან გამომდინარე შეიტანენ. მეორე მხრივ, საზოგადოებაში დიდი ხანია მომწიფდა აზრი, რომ რამდენიმე სამინისტრო უნდა გაუქმდეს, ეს გზავნილი ოპოზიციური ფლანგიდანაც დიდი ხანია ისმის, შესაბამისად, ოპტიმიზაციის პროცესიც საღი გონებით უნდა გააანალიზონ.
თუ სახელმწიფოს აქვს 80 სამუშაო ადგილი, ხელოვნურად რატომ უნდა შეინარჩუნოს 100 კადრი მხოლოდ იმ მოტივით, რომ საზოგადოების მცირე ჯგუფი არ განაწყენდეს? მთავარია, დაანონსებული ოპტიმიზაცია ერთჯერადი ღონისძიება არ გახდეს და ის მომავალი 4-5 წლის განმავლობაშიც აქტიურად გაგრძელდეს. მესმის, რომ ეს პრემიერისთვის არაკომფორტული გადაწყვეტილებაა, თუმცა მთავრობას დღეს პოპულიზმსა და რაციონალურ გადაწყვეტილებას შორის არჩევანის გაკეთების დრო არა აქვს. რაც შეიძლება ბევრი რაციონალური გადაწყვეტილება გვჭირდება, რომ პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მივაღწიოთ.
– კადრების შემცირება გამართლებული იქნებოდა იმ ფონზე, თუ გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამსახურის მოძიების იმედი თუნდაც კერძო სექტორში გაუჩნდებოდათ, თუმცა, როდესაც ქვეყანაში მთავარ გამოწვევად უმუშევრობა რჩება, ხომ არ იჩქარა მმართველმა გუნდმა?..
– დღეს ამ მოცემულობაში ვცხოვრობთ და მთავრობა საზოგადოებრივი დაკვეთიდან გამომდინარე მოქმედებს. თანაც,
მმართველი გუნდის წარმომადგენლების ნაწილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპტიმიზაცია კადრების შემცირებით არ დაიწყება. მესმის, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ნაწილი ნერვიულობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, კადრების დათხოვნა სახელმწიფო სტრუქტურებიდან რადიკალური მეთოდებით არ მოხდება და ხელისუფლება შეეცდება ეს პროცესი მაქსიმალურად გაწელოს. ისიც კარგად მესმის, რომ იმ კონკრეტული ადამიანისთვის, ვისაც შეიძლება ეს შეეხოს, ნაკლებად დამაიმედებლად ჟღერს ქვეყნისთვის აუცილებელ კონცეპტზე საუბარი, თუმცა დრო გამოაჩენს, რომ ეს მოცემულ ეტაპზე სახელმწიფოს ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო. მეტიც, ვფიქრობ, ხელისუფლება სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აჭიანურებს და საზოგადოებრივი ჯგუფების მღელვარებას საჭიროზე მეტ ყურადღებას უთმობს – თუ რეფორმები გაჭიანურდება, ეს მეტ ტკივილს მოგვაყენებს საბოლოოდ, ვიდრე ხარჯების შემცირების ერთჯერადი შოკი.
“ხელისუფლება ნეპოტიზმს უფრო აქტიურად უნდა ებრძოლოს…”
8 დეკემბერს ბრიუსელში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) “შეჩერების მექანიზმზე” გადაწყვეტილება მიიღო, “შეჩერების მექანიზმზე” შეთანხმდნენ ასევე ევროსაბჭო და ევროპარლამენტი. შესაბამისად, საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება, ფაქტობრივად, დაძლეულია. ახლა “შეჩერების მექანიზმს” კენჭი უნდა უყაროს ევროპარლამენტის სესიამ, რომელიც მიმდინარე კვირას სტრასბურგში გაიმართება. რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, სავარაუდოდ, ევროპარლამენტში ამ საკითხზე კენჭისყრა მომავალი წლის იანვარში უნდა გაიმართოს, თუმცა ჩვენშიც და ევროპაშიც ჯერ კიდევ არიან სკეპტიკოსები, რომლებიც პროცესის კვლავაც გაჭიანურებას ვარაუდობენ. ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:
– ჩემი ანალიზით, ვიზალიბერალიზაცია პრინციპულ საკითხად იქცა არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის, არამედ ევროპელი პოლიტიკოსებისთვისაც. ბოლო დროს ევროპულ პოლიტიკურ ელიტაში ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენი და უკრაინის ვიზალიბერალიზაციაც არის. თუ გადაავლებთ თვალს ამ საკითხზე მოსაუბრეთა სიჭრელეს, მიხვდებით, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური ბრძოლა თემაზე: აქვს თუ არა ევროპას შნო, აჯობოს რუსეთის პოზიციას?! გაგეცინებათ, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი იმ კოლეგას, ვინც საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მიცემას ეწინააღმდეგება, ლამის რუსეთის აგენტობაში სდებს ბრალს. სხვათა შორის, ამ პროცესში დადებითი როლი შეასრულა პრემიერის ბოლოდროინდელმა ვიზიტმა ბრიუსელში და მისმა გამოსვლამ, რაც ერთგვარად ევროპის დანამუსება იყო.
ასე იქცევიან უკრაინელი პოლიტიკოსებიც და ამ საქმეში ჩართულია აშშ-ის ადმინისტრაციაც. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს დასავლეთში ამ თემაზე პოლიტიკოსთა დაპირისპირებაა არა მხოლოდ ევროკავშირში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში, არამედ უკვე დაპირისპირების ასეთი ჰორიზონტალიც გაჩნდა – აშშ და ევროპა. მიიღებს თუ არა ეს ორი ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას, იქცა პრინციპული მნიშვნელობის საკითხად, რის გამოც, ვფიქრობ, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა მაინც მგონია, რომ მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა, რეგულაციამ, რომელზეც შეთანხმდნენ და რომელსაც “შეჩერების მექანიზმი” ჰქვია, სასწორი სწორედ ჩვენი და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის მომხრეთა სასარგებლოდ უნდა გადაწონოს.
– ვიზალიბერალიზაციის სკეპტიკოსთა ერთ-ერთი არგუმენტი არის ქართული კრიმინალური სამყაროს ევროპაში ექსპორტზე გაუთავებელი აპელირება. თქვენი აზრით, ევროკომისიაში “შეჩერების მექანიზმზე” მსჯელობამდე რამდენიმე დღით ადრე ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაცია, როდესაც საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააკავეს, იყო თუ არა ამ პროცესთან დაკავშირებული?
– რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალია ევროპის პოლიტიკურ ჯგუფებზე, მედიასა და არასამთავრობო სტრუქტურებზე რუსეთის ე. წ. რბილი ძალის გავლენა. სწორედ ამ ძალის მუშაობის შედეგი იყო გაუთავებლად წერა ქართველ კრიმინალებზე, განსაკუთრებით სწორედ ესპანეთსა და გერმანიაში.
ქართველი კრიმინალების თემის არგუმენტად გამოყენებას ცდილობდნენ, ოღონდ ეს არგუმენტი უსაფუძვლო და სპეკულანტურია. ჩვენი მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, აქაურ კრიმინალებს რა გავლენა შეიძლება ჰქონდეთ ევროპაზე?! ეს არ არის ის რიცხვი, რაც ევროპულ ქვეყნებს შეუქმნის საფრთხეს, რაც ყველასთვის ცხადია, თუმცა ესპანეთსა და გერმანიას ეს არგუმენტი გაუთავებლად მოჰყავდათ. მათი მოწინააღმდეგეები კი მიანიშნებდნენ სხვა ეთნიკურ კრიმინალურ ჯგუფებზე, მაგალითად, ხორვატების, რუმინელების და ა.შ. გარდა ამისა, არაბული ქვეყნებიდან ემიგრირებულთა დანაშაულების რიცხვი განუზომლად დიდია ქართველების დანაშაულებთან შედარებით. მოკლედ, საქართველოსთვის ამ რეგულაციის მინიჭება გახდა ბევრი ევროპელი პოლიტიკოსისთვის ბრძოლის იარაღი.
– რუსეთისთვის რამდენად პრინციპული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ვიზალიბერალიზაციას?
– რუსეთისთვის უმთავრესია, როგორმე მოახერხოს და ევროპულმა გავლენებმა არ გაიმარჯვოს! ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს თავისი ინტერესის გატანა! პატარა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ თუ არა შენგენის სივრცეში უვიზოდ მოგზაურობა, წესით, კრემლს არ უნდა აღელვებდეს, მაგრამ რადგან ცდილობს კვლავაც საკუთარ გავლენაში მოაქციოს პოსტსაბჭოთა სივრცე, ყველა მიმართულებით იბრძვის.
წყარო: newstime.ge