ვიტალი დარასელიას უკვე ტრადიციად ქცეულ ტურნირზე, რომელიც „დინამო თბილისის“ ორგანიზებით ტარდება, წელს, ისეთი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც მილანის „ინტერი“, ზაგრების „დინამო“, კიევის „დინამო“ და ბელგიური „გენტი“ არიან.
ტურნირთან დაკავშირებით, „დინამოს“ აკადემიაში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც საუბარი მონაწილე გუნდებს შეეხო.
წელსაც, შარშანდელის მსგავსად, რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. A ჯგუფში, „დინამოსთან“ ერთად, მილანის „ინტერი“, აზერბაიჯანული „გაბალა“ და ბელგიის ჩემპიონი „გენტი“ იქნებიან, ხოლო B ჯგუფში – „ალკმაარი“, ზაგრების „დინამო“, თურქული „ტრაბზონსფორი“ და კიევის „დინამო“ გაარკვევენ ერთმანეთში ურთიერთობას.
როგორც კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველმა, ლევან სალუქვაძემ განაცხადა, ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე მონაწილე ყველა გუნდის მგზავრობისა და განთავსების ხარჯებს „დინამო თბილისი“ თავად გაიღებს.
„დინამოს“ აკადემიის დირექტორის, არჩილ კეკელიას განმარტებით, გარდა ტურნირისა, მონაწილეებისთვის სხვა აქტივობებიც არის დაგეგმილი, რაც ქვეყნის კულტურის გაცნობას გულისხმობს.
„აკადემიიის , კლუბის ინფრასტრუქტურა უკვე მზად არის, ასეთი ტურნირის ჩასატარებლად. დარჩა მიმდინარე საკითხები, რომლებიც ჩვეულებრივად გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარებთ ამ ტურნირს. მხედველობაში მაქვს გუნდების ჩამოყვანა, მათი განთავსება, კვება და ა.შ. გარდა ამისა, როგორც შარშან, წელსაც გვექნება მათთვის პროგრამა, ექსკურსია. გავაცნობთ ჩვენს ქვეყანას. გარდა იმისა, რომ ითამაშებენ ფეხბურთს, კიდევ უფრო კარგი წარმოდგენა ექნებათ საქართველოზე , ყველაფერთან ერთად“, – განაცხადა არჩილ კეკელიამ.
რომან ფიფიას მრჩევლის, ლევან სალუქვაძის თქმით, აღნიშნული ტურნირი, მათ იმის საშუალებასაც მისცემს, რომ გაიგონ, თუ რა დონეზე არიან ამ ასაკში მათი ფეხბურთელები.
„წელს გაიმართება ვიტალი დარასელიას თასის გათამაშება. 19 აპრილიდან ჩამოვლენ გუნდები, საკმაოდ სერიოზული გუნდები არიან. ძლიერი შემადგენლობებით, ვიდრე შარშან იყო. ეს ტურნირი რომ გახდა ტრადიციული და მუდმივად ჩატარდება ჩვენს დედაქალაქში, არის დიდი საჩუქარი ახალაგზრდა სპორტსმენებისთვის, ფეხბურთელებისა და რა თქმა უნდა, გულშემატკივრისთვის. რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის გვეცოდინება, თუ რა დონეზე არიან, ამ ასაკში ჩვენი ფეხბურთელები. რა დონეზე არიან, იმ გუნდებთან შედარებით, რომლებიც ევროპაში საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენენ“, – განაცხადა ლევან სალუქვაძემ.
ვიტალი დარასელიას ტურნირი სტარტს 20 აპრილს აიღებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები „დინამოს“ აკადემიაში გაიმართება, ხოლო 24 აპრილიდან, ნახევარფინალებსა და ფინალს უკვე „დინამო არენა“ უმასპინძლებს. ტურნირი 25 აპრილს დასრულდება.
ipress.ge