ვიზალიბერალიზაციის მოლოდინი, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და ქვეყნის საგარეო მიმართულება 2016 წელს

2016 წელი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელი იყო. ქვეყნისთვის ძირითად მიმართულებად კვლავაც ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების და ნატო-ში შესვლის საკითხები ითვლებოდა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

23 მაისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების დოკუმენტის ოფიციალურად ამოქმედებას ხელი მოაწერა, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან შევიდა.

ასოცირების შეთანხმების ამოქმედებას წინ უძღოდა შეთანხმების რატიფიცირების თითქმის ორწლიანი პროცედურა. ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შეთანხმებას ხელი ჯერ კიდევ 2014 წლის 27 ივნისს მოაწერეს და შეთანხმება 2014 წლის პირველი სექტემბრიდან დროებით მოქმედებდა.

ასევე, ევროპასთან ვიზალიბერალიზიის კუთხით, წინგადგმულ ნაბიჯად ითვლება, 8 დეკემბერს ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტის (LIBE)-ს მიერ მიღებული ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტის დამტკიცება. ერთი კვირის შემდეგ, ევროპარლამენტმა აღნიშნული მექანიზმის შეთანხმებული რეგულაცია დაამტკიცა.

შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საჭიროების შემთხვევაში, ჭარბ მიგრაციულ ნაკადებს შეაჩერებს. იგი სავიზო ლიბერალიზაციის წინაპირობაა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, ევროკომისიას მოსთხოვოს, უვიზო მიმოსვლა დროებით შეაჩეროს იმ ქვეყნისთვის, საიდანაც მკვეთრად გაიზრდება არალეგალი მიგრანტების რაოდენობა; გაიზრდება თავშესაფრის მოთხოვნები; თუ საქართველო არ ითანამშრომლებს მიგრანტების უკან დაბრუნებაზე. ამასთან, იმოქმედებს მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებს, რომ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს კვლავ აკმაყოფილებს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სავარაუდოდ, 2017 წლის იანვარში უყრიან კენჭს. პლენარული სესია 16-19 იანვარს გაიმართება. ევროპარლამენტარები ვარაუდობენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას უკვე აპრილიდან შეძლებენ.

რაც შეეხება ნატო-საქართველოს საკითხს, 2016 წელს ნატო-სთან თავსებადობა ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ საგარეო მიმართულებად რჩებოდა. ნატო-ში ინტეგრაციამდე საქართველო არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესშია, რა მხრივაც, ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერმა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრისას აღნიშნა.
3

 

 

 

 

 

 

 

2016 წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ სექტემბერში საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, გენერალურმა მდივანმა ქვეყნისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების ზუსტ ვადებს ვერ დაასახელებს, რადგან ეს დამოკიდებულია პროგრესზე, რაც საქართველოს შემთხვევაში უკვე იხილეს. მისივე თქმით, ნატო საქართველოს პროგრესის მიღწევაში მხარს უჭერს, რაც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების ვიზიტითაც დასტურდება. სტოლტენბერგმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს პარტნიორი ქვეყანაა და ნატო-ს კარი მისთვის ღიაა.

სტოლტენბერგის ვიზიტამდე თითქმის ერთი თვით ადრე, ამერიკულმა გავლენიანმა გამოცემა The Washington Times-მა საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველომ დაამტკიცა, რომ ამერიკის ერთგული პარტნიორია.

საგარეო პოლიტიკის კუთხით 2016 წელს მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აირჩია. როგორც ცნობილია, ქართული მხარე აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რამდენიმე დღის წინ ისიც აღნიშნა, რომ მას აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან სატელეფონო კავშირი ჰქონდა.

Image result for აშშ-ს ადმინისტრაცია

„მე პირადად მქონდა სატელეფონო კავშირი ახალ ადმინისტრაციაში, უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგენილ კანდიდატთან. საუბრის დროს სტრატეგიულ თანამშრომლობას შევეხეთ და ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უცხოელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველო დონალდ ტრამპის ზარს არ უნდა დაელოდოს და ინიციატივა თავად უნდა გამოიჩინოს.

როგორც ახალი ამერიკის ფონდის მკვლევარი მაიკლ ჩეჩირე აცხადებს, საქართველო ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან კონტაქტზე თვითონ უნდა გავიდეს, რათა ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი გახდეს.

ამდენად, 2016 წელს საქართველოს მხრიდან ევროპისა და ნატო-სკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები პოზიტიურ მოლოდინს იძლევა.

Comments
Loading...