ვლადიმერ პუტინმა რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. როგორც ვლადიმერ პუტინმა კადიროვს შეხვედრისას აცნობმა, შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ კადიროვი სექტემბერში დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. კადიროვის უფლებამოსილების ვადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 5 აპრილს იწურება.

სააგენტო “ინტერფაქსის” ინფორმაციით, რამზან კადირობმა 2015 წლის სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.

თებერვალში რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მისი დრო ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თანამდებობაზე უკვე ამოიწურა. მაშინ მან აღნიშნა, რომ სიამოვნებით დატოვებდა აღნიშნულ პოსტს. ჩეჩნეთის ლიდერმა მხარდამჭერებს მოუწოდა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელად მისი კვლავ დანიშვნის მოთხოვნით აქციები არ ჩაატარონ.

Comments
Loading...