პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პატიმრობაში მყოფი თეა სირაძის გათავისუფლების შესახებ მომზადებულ პეტიციას ხელი მოაწეროს.
ვოლსკი პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილის მიერ მომზადებულ პეტიციას გამოეხმაურა, რომლითაც კანონმდებელი პრეზიდენტს სირაძის შეწყალებას სთხოვს.
ვოლსკი პრეზიდენტს მოუწოდებს, სირაძის საქმე შეისწავლოს.
„ჩვენ რაც ვიცით ისაა, რომ ქალი ხუთ მამაკაცს მოერია და მამაკაცებს ფიზიკურად გაუსწორდა. ყველაფერი დეტალებშია შესასწავლი. პრეზიდენტს მივმართავ, რომ ეს საკითხი ღრმად შეისწავლოს და თუ რაიმე საშუალება არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ირმა ინაშვილის ინფორმაციით, თეა სირაძე ოთხი შვილის დედაა, მას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული, რომელსაც არ აღიარებს.