ზაქარეიშვილი: არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს „რუსთავი 2“, ამიტომ, უნდა დამშვიდდეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ კერისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრისას იყო თუ არა „რუსთავი 2“-ის საკითხზე საუბარი.

როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, „რუსთავი 2“ საფრთხეს არ წარმოადგენს და უნდა „დამშვიდდეს“.

„როცა ქერი ხვდებოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩვენ მთავრობის სხდომა გვქონდა და არ ვიცი, რაზე ისაუბრეს.

სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა და მით უმეტეს, ამ თემაზე საუბარი არ მქონია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ამ საკითხს სვამენ და ყველა ცალსახად და მკაფიოდ ამბობს, რომ ეს არის სასამართლოს საქმე, ვინაიდან, მათ აქვთ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, რომ, ვითომ, და რაღაც პრობლემაა. როცა ვუხსნით, ყველაფერი გასაგებია, ასე რომ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არანაირ გავლენას არ მოახდენს „რუსთავი 2“-ის საქმე არჩევნებზე. პირიქით, ყველა მიხვდება, რომ სახელმწიფო ღირსეულად, ცივილიზებულად, აკვირდება ამას.

„რუსთავი 2“ იყო მაშინ, როცა 2012 წელს წააგო არჩევნები „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „რუსთავი 2“ იყო მაშინ, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო საპრეზიდენტო არჩევნები, იყო მაშინ, როცა ადგილობრივი არჩევნები წააგო. არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს „რუსთავი 2“ არავისთვის, ამიტომ, უნდა დამშვიდდეს „რუსთავი 2“, ყველაფერი ჩაივლის კარგად; არჩევნები კარგად ჩაივლის, „რუსთავი 2“ მშვიდად, კარგად და მშვენივრად იქნება“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

Comments
Loading...