ზაქარია ქუცნაშვილი – ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით შემოთავაზებული მოდელი ბევრად პროგრესულია იმაზე, რაც დღეს მოქმედებს

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით შემოთავაზებული მოდელი ბევრად პროგრესულია იმაზე, რაც დღეს მოქმედებს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა

“სამუშაო ჯგუფის წევრი არ ვარ, ამიტომაც სამუშაო ვერსიის თაობაზე დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ. საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით კი, შემიძლია გითხრათ, რომ მიდგომა იმის შესახებ, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული სისტემა სპეციალიზებული უფლებამოსილების მქონე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა მართოს, სადაც “გასაღები“ ერთდროულად რამდენიმე პირის ხელში იქნება, ბევრად წინ გადადგმული ნაბიჯია, ვიდრე დღეს არსებული მოდელი. ასეთ შემთხვევაში, ჯვარედინი კონტროლი ხორციელდება და “გასაღები“ გადადის სასამართლოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და აღნიშნული სპეციალიზებული სსიპ-ის ხელში. ეს მოდელი ბევრად პროგრესულია, ვიდრე დღეს არსებული“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ქუცნაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია მიდგომა, რომელიც ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადასვლაში გამოიხატება.

“არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც აცნობიერებს, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ახალი სამსახური აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვერ იქნება. ის ანგარიშვალდებული უნდა იყოს ხელისუფლების რომელიმე განშტოების მიმართ. მიყალიბდება აზრი იმის შესახებ, რომ საზოგადოების მიდგომები ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავარდა. ერთი უკიდურესობა იმაში მდგომარეობდა, რომ სახელმწიფო იყო ყველაფრის მარეგულირებელი და ახლა არის მეორე უკიდირესობა, რომ სახელმწიფო არაფრის მარეგულირებელი არ უნდა იყოს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ კომუნისტური აზროვნების სისტემა რადიკალური აზროვნების სისტემით შეიცვალა, როცა ერთი უკიდურესობიდან, რომ ყველაფერი სახელმწიფომ უნდა არეგულიროს, გადავედით იმაში, რომ არაფერი სახელმწიფომ არ უნდა არეგულიროს. ეს ის სფეროა, სადაც თუკი ჩვენ გვაქვს წინასწარ განსაზღვრული დამოკიდებულება, რომ არ ვენდობით სახელმწიფოს ორგანოებს, მაშინ ამ ლოგიკით არ უნდა ვენდოთ არც შინაგან საქმეთა სამინისტროს, არც პროკურატურას, არც პარლამენტს და არც სასამართლოს. მაშინ რაზე უნდა დავამყაროთ საზოგადოებრივი წესრიგი?! სახელმწიფო სახელმწიფო ინსტიტუტების გარეშე არ არსებობს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...