ზაზა ბიბილაშვილი: ყრილობამ არსებული სტატუს კვო ძალაში დატოვა და მოქმედი გენერალური მდივანი არ გადააყენა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი პარტიის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც ბიბილაშვილი განმარტავს, ყრილობამ არსებული სტატუს კვო ძალაში დატოვა და მოქმედი გენერალური მდივანი თანამდებობიდან არ გადააყენა.

„ყრილობაზე გენერალური მდივანი არ არჩეულა. შესაბამისად, არც თანხმობა იყო საჭირო. ყრილობამ უბრალოდ ძალაში დატოვა არსებული სტატუს კვო და არ გადააყენა მოქმედი გენერალური მდივანი, რადგან ეს იქნებოდა ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული თამაშის წესების მიღება, რასაც არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ. მეტიც, ეს გაუგებარი იქნებოდა საზოგადოებისთვის, მით უფრო იმ პირობებში, როცა ვანო მერაბიშვილს არც ერთხელ საჯაროდ არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ბუნებრივია, როცა ეს პოზიცია დაფიქსირდება, მას პატივს ვცემთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილი არაა, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ, ციხისა თუ მოცემულობის ტყვეობაში ამყოფოს ადამიანები“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.

სპორტის სასახლეში გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეშვიდე ყრილობა გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ პარტიის გენერალურ მდივნად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი დღება.

მოგვიანებით კი, ვანო მერაბიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გავრცელა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად დარჩენაზე და პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით, მას პოზიცია არ გამოუხატავს.

Comments
Loading...