ზაზა ფაჩულიას 16 ქულა 15 წუთში!

“გოლდენ სტეიტ უორიორზში” გადასვლის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. თავად განსაჯეთ, სასტარტოში მყოფმა ქართველმა მეფარემ ფილადელფიაში, “სიქსერზის” წინააღმდეგ პარკეტზე 15 წუთი გაატარა და ოკლენდელებს 16 ქულით (საუკეთესო შედეგიანობა ოკლენდურ გუნდში ასპარეზობისას), 5 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით და თითო ჩაჭრა-დაფარებით შეეწია. ზაზამ ხუთივე ორქულიანი ზუსტად გამოიყენა, 7 საჯარიმო ტყორცნიდან კი 6 ჩააგდო. ფაჩულიამ აშკარად დაჯაბნა ფილადელფიელთა ცენტრი ჯალილ ოკაფორი. “სიქსერზის” ცენტრმა პარკეტზე 17 სათამაშო წუთი გაატარა და მხოლოდ 4 ქულითა და 3 მოხსნით შემოიფარგლა.

 

თამაშს რაც შეეხება, ოკლენდელებს მორიგი გამარჯვების მოპოვება საკმაოდ გაუჭირდათ. პირველი ტაიმის ქულით წაგების შემდეგ “მეომრებმა” გარდატეხა მესამე პერიოდში მოახდინეს. ამჯერად “გოლდენ სტეიტს” სამქულიანები არ წაუვიდა. მაგალითისთვის, სტეფ კარიმ თერთმეტივე სამქულიანი “გამაზა”. ოკლენდელებმა მიმდინარე რეგულარულ პერიოდში 50-ე მატჩი მოიგეს (59 ასპარეზობიდან0 და ზედიზედ მეორე სეზონია 50 მოგებას 60 შეხვედრაზე ნაკლებს ანდომებენ. ნბა-ს ისტორიაში “გოლდენ სტეიტი” მეორეა, რომელიც ამ შედეგს აჩვენებს. საამსეზონოდ კი ოკლენდელებმა ბოლო 8 პაექრობიდან შვიდში იმარჯვეს.

 

ფილადელფიაში “მეომრებმა” 5 მატჩისგან შემდგარი საგარეო ტურნეს  პირველი ასპარეზობა ჩაატარეს. ზაზა ფაჩულია და მისი პარტნიორები მომდევნო ასპარეზობას ვაშინგტონში 1-ელ მარტს ჩაატარებენ.

 

“კლივლენდ კავალიერზს” ლებრონ ჯეიმსი დაუბრუნდა და ოჰაიოელებმაც მოიგეს. “მილუოკი ბაქზთან” საშინაო შეხვედრაში “მეფე ლებრონმა” 24 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, მოგებულთაგან ყველაზე შედეგიანი კი 25 ქულით კაირი ირვინგი გახლდათ. აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა “კლივლენდმა” უკანასკნელი 6 მატჩიდან 5 მოიგო.

 

ნიუ იორკის “მედისონ სქვეარ გარდენში” “ტორონტო რეპტორზს” დემარ დეროზანმა მოაგებინა. კანადელთა უკანახაზელმა მეოთხე პერიოდის დროის ამოწურვამდე 2 წამით ადრე ჩაუგდო “ნიკზს” და ტაბლოზე ასპარეზობის საბოლოო შედეგი 92:91 გამოსახა. არადა, მატჩის მსვლელობისას ნიუ იორკელები 17 ქულას იგებდნენ. დემარ დეროზანმა “რეპტილიებს” 37 ქულა შესძინა.

 

აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანი “ბოსტონ სელტიკსი” საკუთარ პარკეტზე “ატლანტა ჰოუკსთან” 98:114 დამარცხდა. ჯორჯიელებმა მიჯრით განცდილი 3 მარცხის შემდეგ იმარჯვეს, მასაჩუსეტსელთა შორის კი აიზია ტომასმა თავისი “ნორმა”, მინიმუმ 20 ქულა ვერ შეასრულა – ბოსტონელთა უკანახაზელი ამჯერად 19 ქულას დასჯერდა.

 

 

სეზონის 46-ე ორმაგი დუბლი მიითვალა ჯეიმს ჰარდენმა (25 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა), თუმცა, მისი “ჰიუსტონ როკითსი” შინ “ინდიანა პეისერზთან” მაინც დამარცხდა – 108:117. ნიუ იორკელთა დარად, ჰიუსტონელებიც მატჩის მსვლელობისას 17 ქულას იგებდნენ…

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge
Comments
Loading...