ჟენევაში გაერო-ს ოფისის ეზოში ქვევრი განთავსდა

ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში ქართული ქვევრის განთავსების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ქვევრი, საქართველოს მთავრობამ გაერო-ს ორგანიზაციის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით უსახსოვრა.

ჟენევაში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და გაერო-ს გენერალურმა დირექტორმა მიხაელ მიოლერმა. ღონისძიებას ესწრებოდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს კულტურული იდენტობის და უძველესი ტრადიციის ამ ელემენტმა გაერო-ში დაიდო ბინა, როგორც საქართველოს ხელისუფლების საჩუქარმა ორგანიზაციის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით. საქართველო ღვინის აკვანია, ქვევრით ღვინის დაყენებას კი ჩვენს ქვეყანაში 8000 წლის ტრადიცია აქვს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელიც ქვევრთან განთავსდა და დამთვალიერებელს ინფორმაციას აწვდის ძეგლის წარმოშობის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. ასევე, მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმის „ღვინის გზა“ ჩვენება. დამთვალიერებელს ქვევრის ისტორიისა და საქართველოში ღვინის წარმოების შესახებ სამახსოვრო ბროშურები გადასცეს. ​

Comments
Loading...