ჟოზეფ დოლი – ვიზალიბერალიზაცია გექნებათ, მაგრამ შეიძლება ეს დროში გაიწელოს

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჟოზეფ დოლის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცედურა პოზიტიურად დასრულდება, თუმცა შესაძლოა, პროცესი დროში გაიწელოს.

ამის შესახებ ჟოზეფ დოლიმ ე.წ. მატროსოვის ციხესთან, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების – ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიასა და გიგი უგულავას მონახულების შემდეგ განაცხადა.

„არსებობს პროცედურა და ის იქნება პოზიტიური, მაგრამ არ ვიცი ეს როდის მოხდება. ეს არის ევროპული პროცედურა. მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს – ვიზალიბერალიზაცია გექნებათ, მაგრამ შეიძლება ეს დროში გაიწელოს. მინდა საქართველო ისეთი სახელმწიფო იყოს, სადაც სამართალი არსებობს, იყოს თავისუფალი და ჰქონდეს ევროპული მომავალი“, – განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროპის სახალხო პარტია იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე შევიდეს ევროპაში.

„ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე შევიდეს ევროპაში. ჩვენ გვინდა სახელმწიფო, სადაც კანონი უზენაესია და მათთვის დამოუკიდებელია სამართალი, რაც უმთავრესი საკითხია“, – აღნიშნა ჟოზეფ დოლიმ.

Comments
Loading...