ზურა ვადაჭკორია მეშვიდე დღეა მძიმე მდგომარეობაშია – რას ყვება ილუზიონისტის შვილი მამაზე
ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია მეშვიდე დღეა, ინგოროყვას კლინიკაში მძიმე დიაგნოზითაა მოთავსებული. მას მწვავე იშემიური ინსულტი აქვს. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა…
AMBEBI.GE მიმი ვადაჭკორიას, ილუზიონისტის ქალიშვილს ესაუბრა:
– დღევანდელი ინფორმაციით, მამაჩემის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ღმერთის წყალობით, არც გაუარესებულა და არც უკეთესობაა, ანუ სიტუაცია იგივე რჩება. თუმცა თავიდან მასთან კონტაქტი შესაძლებელი იყო, მაგრამ მერე დამძიმდა, გონებას კარგავდა და ექიმებმა ნარკოზულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, პრაქტიკულად, სძინავს. მუდმივად სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
– წნევა აწუხებდა?
– მოციმციმე არითმია ჰქონდა, უეცრად წნევამ აუწია და ინსულტი მოხდა. ეს
ამბავი რომ დაემართა, საქმიან შეხვედრაზე იყო, მოლაპარაკებაზე კონცერტის თაობაზე ერთ-ერთ ორგანიზაციაში. უეცრად ცუდად გამხდარა, არადა, მანამდე ტელეფონით ველაპარაკე, ჩვეუებრივად ვისაუბრეთ, არაფერი უთქვამს. მოგვიანებით კიდევ დავურეკე და უკვე უცხო ადამიანმა მიპასუხა: მითხრა, ზურა მძიმედ არის და ინგოროყვას კლინიკაში მიგვყავსო. დედაჩემს კი საავადმყოფოდან დაურეკეს – მამამ მოასწრო და სადაც იყო, სახლის ტელეფონის ნომერი უთქვამს.
– სადაც იყო, იმ ორგანიზაციაში რა თქვეს?
– კლინიკაში სწორედ მათ და სასწრაფომ გადაიყვანა, თუმცა მანამდე თავისი ვიდეოები უნახებია და საკუთარ კონტაქტებს რომ უწერდა, თავში ძლიერი ტკივილი იგრძნო და იქვე ჩამოჯდა. მაშინვე სასწრაფოს გამოვუძახეთო… ძალიან ცუდი დაავადებაა ინსულტი, ნელ-ნელა და თანდათან ვითარდება და სწორედ ასე ნელ-ნელა დამძიმდა ისიც… არ ვიცით, როგორ იქნება, ყველანი ღმერთზე ვართ მინდობილები…
ლალი ფაცია
AMBEBI.GE