ზურაბ აბაშიძე: რუსეთის დამსახურებაა ვიზალიბერალიზაცია – თქო, არ მითქვამს, როგორ ვიტყოდი ასეთ რაღაცას?
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არასწორად გაიგეს.
აბაშიძის თქმით, მას არ უთქვამს, რომ ვიზალიბერალიზაცია რუსეთის დამსახურებაა.
ზურაბ აბაშიძე საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოში მისვლის მზადყოფნასაც გამოთქვამს.
„ჩვენი პარლამენტი ძალიან მიყვარს, მათ შორის იმიტომაც, რომ ქუთაისში, ის შენობა მამაჩემის სახელობის ქუჩაზეა განლაგებული. სიამოვნებით მივდივარ ხოლმე, თუ იქნება ამის საჭიროება. არანაირ პრობლემას არ ვხედავ. რაც შეეხება იმ განცხადებას, ეტყობა სწორად არ მოუსმინეს.
რუსეთის დამსახურებაა ვიზალიბერალიზაცია – თქო, არ მითქვამს. როგორ ვიტყოდი ასეთ რაღაცას? მე ასე ვთქვი, ასე გავიმეორებ და ასეც არის და ეს ფორმულა ხშირად მსმენია ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან, რომ ჩვენი ევროპული პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი არის ის, რომ გარეშე საფრთხეები შევამცირეთ, მათ შორის, რუსეთთან დიალოგის მეშვეობით. ეს შეგიძლიათ ჰკითხოთ ნებისმიერ ჩვენს ევროპელ კოლეგას. ეს მათი ფორმულაა და აბსოლუტური ჭეშმარიტებაა”, – განაცხადა აბაშიძემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იბარებს.