ზვიად ტომარაძე ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

“საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე ბათუმში მომხდარ მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება

“გუშინდელ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით! რასაც ვაბობდი წუხელ იმ აზრზე ვარ დღესაც. განსხვავებული აზრი ჩემთვის მიუღებელი არ არის, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩემი ფეის–მეგობარი კორექტულობის ზღვარს გასცდა და შესაბამისად მათთან აქ ვეღარ ვიმეგობრებ. ჩემთვის რომელი უფრო კომფორტული იქნება, ვიყო რომელიმე მხარე, ან უკეთეს შემთხვევაში გავჩუმდე და არაფერი არ ვთქვა, თუ გავაკრიტიკო ყველა ვინც იმსახურებს და შესაბამისად გავანაწყენო მრავალნი? რა თქმა უნდა პირველი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყოველთვის ვცდილობ ვილაპარაკო სიმართლე, თუნდაც ამის გამო ბევრი გავანაწყენო, თუ რაიმე შემეშლება, არც იმის აღიარება და ბოდიშის მოხდა მიჭირს. ვაცნობიერებ იმასაც, რომ სიმართლის მთქმელნი ძირითადად არ უყვართ და პლატონსაც ვეთანხმები “სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი”, მაგრამ მე არც ეს მაშინებს. უმცირესობაში ვიყავი შევარდნაძის დროსაც და სააკაშვილის მმართველობის დასაწყისშიც, მაგრამ დრომ ყველაფერი დაალაგა და გამოჩნდა ვინ იყო მტყუან–მართალი!
რაც შეეხება გუშინდელი მოვლენებს:
1. თავიდან აქცია ბათუმის მოსახლეობის მხრიდან იყო მშვიდობიანი, გულწრფელი და ეს ყველაფერი ხელისუფლების ანტიეროვნული პოლიტიკის, ქვეყანაში არსებული ქაოსისა და აჭარაში არასწორი საკადრო პოლიტიკის შედეგი იყო. ეს უფრო დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პროტესტის მუხტი იყო, ვიდრე კონკრეტული დაჯარიმების გაპროტესტება.
2. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება მისულიყო აქციის მონაწილეებთან და დალაპარაკებოდა, დაეიმედებინა რომ სიმართლეს გაარკვევდა და ყველაფერი მოგვარდებოდა მშვიდობიანად, ამისა ნაცვლად რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი აქცია, საათობით უმოქმედობის შედეგად თითქოს სპეციალურად გაამრავლეს და გააძლიერეს. ბოლოს კი გაზის მეშვეობით მათი ტერიტორიიდან განდევნა მოინდომეს.
3. რა თქმა უნდა ამას ელოდებოდა გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობით და პროცესები გახდა მართული.
4. იმას რაც ვიხილეთ აქციის მეორე ნაწილში, ვგულისხმობ საკუთარი ქალაქისა და მანქანების დაწვა–დარბევას, ამის ჩამდენი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ!
ეს აზრი მქონდა გუშინ და ეს აზრი მაქვს დღეს!” -წერს ტომარაძე

Comments
Loading...